„ოდესღაც აქედან იწყებოდა საქართველო“

15 Nov 2009

ბევრი მწარე, მძიმე განსაცდელი ახსოვს ქართველ ხალხის - მსოფლიოს ერთ-ერთი უძცველესი კულტურული ხალხის მრავალსაუკუნოვან ისტორიას.
ხშირად ქართველი კაცი, თავისი გამრჯე მარჯვენით სულიერ სიმშვიდეს ქვაში გამოხატავდა. ჩვენდა საბედნიეროდ, დღემდე შემორჩა არაერთი ბრწყინვალე ძეგლი, რომელიც ნათლად მეტყველებს ქართველი ხალხის სულიერ სიმტკიცეზე, მის შრომისმოყვარეობასა და გარჯაზე.
ტაო-კლარჯეთი და იქ ამაყად მომზირალი ქართველი კაცის ნახელავნი, რომელიც დღეს არა მარტო საქართველოს, ქართველების სიამაყეს წარმოადგენენ, არამედ მსოფლიო კულტურის საგანძურის გნუყოფელი ნაწილსაც.
ბუნებრივია, ქართველ კაცს არაერთ ეპოქასა თუ დროში არ განელებია ამ მხარისადმი, იქ მცხოვრები ქართველებისადმი ინტერესი და რა თქმა უნდა დღესაც ჩვენი თაობა ვალდებულია შეძლებისდაგვარად თვალყურს ადევნებდეს „ოსმალო საქართველოს.“ იმ ტერიტორიებს, საიდანაც ერთ დროს მართლაც იწყებოდა საქართველო.
დღეს თქვენ ყურადგებას ოშკის ტაძარზე შევაჩერებთ და შევეცდებით მოკლედ, სხვადასხვა ლიტერატურაზე დაყრდნობით, მცირეოდენი ცნობები მაინც მოგაწოდოთ უნიკალური ძეგლის სესახებ.
ოშკის ტაძარი მთის კალთაზე დგას, მდინარე თორთუმის წყლის მარცხენა მაღალ სანაპიროზე. იქ, სადაც ეს წყალი ერთვის თორთუმის ტბას, რომელიც 1791 წელს შემთხვევითი დაგუბების შედეგად წარმოიქმნილა.
ეს ტაძარი თავისივე სახელის სოფელშია აღმართული. ტაძარი ნაგებია მოყვითალო-წითელი, წმინდა თლილი ქვით და მიუხედავად მისი დღევანდელი სავალალო მდგომარეობისა, დღესაც აოცებს მნახველს სიდიდით, სიმაღლითა და ყველა ნაწილის პროპორციებით, ქანდაკოვანი დეკარითა და სხვადასხვაგვარი პოლიქრომელი სამკაულით. ოშკი ბანას შემდეგ პირველხარისხოვანი ძეგლია ტაოში თავისი ბუმბერაზობით, „ თანატოლია ქუთაისის ბაგრატის ტაძრის, მცხეთის სვეტიცხოვლისა და კახეთის ალავერდისა.“
ოშკი ცენტრალურ-გუმბათოვანი და სამნავიანი ბაზილიკის ტიპის ტაძრების ნაზავია. იგი იმეორებს იშხანის გეგმას, თუმცა, მასზე მაშტაბურია და წაგრძელებული ფორმა აქვს. გუმბათოვანი ტაძარი სიგრძეში ჯვრის ფორმას ქმნის. ტაძარი აგებულია ოთხ სვეტზე, რომელსაც გუმბათი ეყრდნობა, ოშკი სიგრძეზე 38,5 მეტრია, სიგანე - 36 მეტრი, სიმაღლე - 40 მეტრი და ქართულ ტაძრებს შორის იგი ერთ-ერთი უდიდესია.
ტაძარი აგებულია X საუკუნის მეორე ნახევარში, ოშკის აღმშენებელნი ყოფილან ტაოს ბაგრატიონები, ადარნასე III კურაპალატის (961წ.) შვილები - ბაგრატ ერისთავ-ერისთავი (966წ.) და დავით მაგისტრისი, შემდგომ დავით დიდად წოდებული, ტაოს კურაპალატი (1001წ.). ტაძრის მშენებლობა დასრულებულია 958-961 წლებში, მშენებლობის ხელმძღვანელი ყოფილა გრიგოლ ოშკელი, ხოლო ხუროთმოძღვარი - ერისკაცი ვინმე, რომელსაც თავისი გამოსახულება აღმოსავლეთ ფასადზე მოუთავსებია.
ორივე მაშენებელი ტაძრისა ოთხ სხვადასხვა წარწერაზეა მოთავსებული. დაცულია ერთისა და მეორის ბარელიეფიც ვედრებისა, ბარელიეფის აქეთ-იქით ტაძრის გამოსახულებით ხელში თითოეული. ვედრების ქანდაკებას აწერია: „წმინდაო ღვთისმშობელო და წმინდაო ნათლის მცემელო, ადიდენ მეფენი ჩუენნი, გლახაკნი შენნი, მშენებელნი ამისა წმინდისა (ეკლესიისა) და კუალად წარუმართენ მეფეთა ჩვენთა ბაგრატსა და დავითს“.
დავითი ბაგრატიონის ბარელიეფს აწერია: „მონაი ღმერთისაი მეფე ჩვენი მაგისტრისის ადიდენ ღმერთმან ორთავე ცხოვრებათა მაშენებელი ამის წმინდისა ეკლესიისაი - ამინ.“
ოშკს სხვა წარწერებიც აქვს მაგალითად, ერთი ასე იკითხება: „ხუროთმოძღვარი ტაძარს „ათსა წელსა აშენებდა““, მაგრამ ყველაზე დიდი და ძვირფასი წარწერა დაცულია სამხრეთის მკლავის კარის თავზე. ის თორმეტსტრიქონიანია, ჯერ მოხსენიებულია ტაძრის ამშენებელი ბაგრატ ერისთავ-ერისთავი და დავით მაგისტრისი, შემდეგ მშენებლობის ხელმძღვანელი, ალბათ მნე, გრიგოლი და შემდეგ რამდენიმე კალატოზი, ხურო და მჭედელი მუშაობდა ტაძრის აგებაზე...
სამხრეთ გალერიის ბოლოს, მაჰმადიანთა მიერ ამჟამად უკვე ამოქოლილ კამარაში შემორჩენილია ერთი ლამაზი, ორნამენტოვანი სვეტი, მერე სვეტის წახნაგები კი უხვადაა სემკული რელიეფური ფიგურებით (კოზმა და დამიანესი, ვედრების კომპოზიცია, წმინდა ნინოსი, გრიგოლ ოშკელისა და წარწერა: „ქრისტე შეიწყალე მონაი შენი გრიგოლ,“) ხოლო ფერადებით დახატულია ვედრების კომპოზიცია. ყველა ანგელოზთა დასი მახარობელთა ემბლემების, ეს ერთადერთი შემთხვევაა ქართულ ტაძრებში სვეტების ამგვარად შემკობისა.
ტაძრის შიდა კედლები 1036 წელს საუცხოო ფრესკებით მოუხატავთ, მაგრამ მათგან დღეს მხოლოდ მცირე რამ შემორჩენილა და ისიც დაზიანებულია.
ტაძარს ადრე ოთხი კარი ჰქონია, მთავარ კართან არის ასევე წითელ ფერებში შესრულებული ასომთავრული წარწერა, რომელშიც ნახსენები არიან ადარნასე კურაპალატი და მისი შვილები. „ეს იყო კალატოზთა და მოქმედთა მიზდი აზავერთა მექვისეთაი, რომელიც წელიწადსა წააეგების დრამა 20 ათასი, ღვინო-სისასი 5 ათასი, რკინა ლიტრა 60, ხუარბალ-გრივი 250, კალატოზი და ხურო და მფედელი, რომელიც მარადით შურებოდა - 70, ხარი, რომელი ქვასა კრებდა - 60 და ყოველი ერი და მოქმედი 80“ - წერია კედელზე...
ოშკი რომ დიდი მონასტერი ყოფილა, ეს დღესაც კარგად იკითხება, მიუხედავად მისი დაზიანებისა, მის გარშემო სხვა შენობების დიდძალი ნანგრევებია. სამხრეთით ორი მცირე ეკლესია თლილი ქვით ნაგები. ერთს ქვა მთლიანად შემოძარცვული აქვს. ოშკი ჩრდილოეთის მკლავს უშუალოდ ეკვრის ერთი საყურადღებო ნაგებობა - სამნავიანი ბაზილიკა სამხრეთიდან აღმოსავლეთისკენ გაგრძელებული თავისი ორწყება სვეტებით და ამ სვეტებზე დამყარებული კამარებითურთ. ექვთიმე თაყაიშვილის აზრით: „ნაგებობა საკრებულო სახლს წარმოადგენდა, სახელდობრი სემინარის ბინას, სადაც განათლებულ ხალხს ამზადებდნენ. ამაზე მგვითითებს ზევით დასახელებული ნაგებობასთან ჩრდილოეთით მოდგმული უშველებელი კვადრატული, გვირგვინიანი დარბაზი“... ეს დარბაზი ალბათ, გამწესებული იყო საბიბლიოთეკებად და ხელნაწერების გადასწერად. ამ დარბაზის გვირგვინის ქვეშ 978 წელს თორნიკე ერისთავის შეკვეთით გადაწერილა ქართული დაბადება, ქართული ბიბლიის ერთადერთი ცალი, რომელიც 978წ. ორ წიგნად გადაუწერიათ გიორგის, მიქაელსა და სტეფანეს. აქვე 977წ. გადაუწერია იოანე მოსხის სამოთხე ან ლიმონარი.
ოშკი ერთ-ერთი აკვანია ჩვენი ღვაწლმოსილი ძველი განათლებული ხალხისა და ამასთაგანვე წყარო ყოფილა ჩვენი მწიგნობრობისა. ქართველთა ამ განათლების ამ მნიშვნელოვან ცენთრს, დიდი დამსახურება მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე.“
დღეს, ქართული კულტურის ერთ-ერთი ბრწყინვალე ძეგლი, სავალალო მდგომარეობაშია და გადაუდებელ ყურადგებას საჭიროებს, დღეს ხომ იგი მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლია, რომლის ხილვისას არ შეილება ანა კალანდაძის ცნობილი ლექსი არ გაგახსენდეს:
„შენისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,
შენ ისე ღრმა ხარ...
სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა
ვერავინ ნახა,
ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა
და ვერცა სპარსმა...
შენი დიდების მომღერალი
ოშკი და ზარზმა
ბებერო ტაო...
შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი,
ქართულო ცაო...“
დღეს, მართლაც და ქართული ცის ქვეშ, ქართულ მიწაზე ამაყად მდგომი ოშკის ტაძარი, თავისი დაჭრილი სახით მხოლოდ ქართულით უღიმის თავის მნახველს.
ბაკურ გელაშვილი

0 comments:

Post a Comment